ქ.რუსთავის კერძო სკოლა "მილენიუმი” 2000 წლიდან ფუნქციონირებს. იგი დაფუძნებულია შპს ”ნ და ნ 2000”–ის მიერ.
დღეისათვის "მილენიუმში" ირიცხება 175 მოსწავლე. აქვე მუშაობს კერძო ბაღი (35 აღსაზრდელით). სკოლას აქვსდაწყებითი და საბაზო საფეხურების ლიცენზია. შესაბამისად, ჩვენს დაწესებულებაში გახსნილია კლასები I–დან IX კლასის ჩათვლით. გახანგძლივებულ ჯგუფში ჩარიცხულია 80 მოსწავლე. აქვე ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული სტუდია "ჯეჯილი" და ჭადრაკის წრე. მოსწავლეები დადიან ქალაქის თითქმის ყველა უბნიდან.
კერძო სკოლა "მილენიუმი" ქალაქში ერთადერთი სასწავლო დაწესებულებაა სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის, რომლის მიერ შეთავაზებული დღის რეჟიმი და პირობები ხელსაყრელია დასაქმებული მშობლებისათვის.
სკოლა ხელმძღვანელობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული ეროვნული სასწავლო გეგმით და ითვალისწინებს მის მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს. "მილენიუმში" შექმნილია ხუთი კათედრა: ქართული ენის, უცხო ენების, დაწყებითი კლასების, საბუნებისმეტყველო და ესთეტიკური ციკლის საგნებისა და ფიზიკური აღზრდის კათედრები. კათედრების გამგეების დატვირთვა არ აღემატება 12 საათს.
"მილენიუმის"მოსწავლეები ყოველ წელს იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა სახის კონკურსებში.
სკოლაში ტრადიციად დამკვიდრდა წლის საუკეთესო მოსწავლის გამოვლენა და წახალისება. ტესტირების, საგნობრივი მარათონისა, გამოცდების შედეგებისა და საინფორმაციო ბანკის მონაცემების მიხედვით ვლინდება წლის საუკეთესო მოსწავლე, რომელსაც ენიშნება სტიპენდია ხუთი თვის განმავლობაში. სკოლის ადმინისტრაციისა და კათედრის გამგეების მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე ირჩევა წლის საუკეთესო პედაგოგი.
ჩვენს დაწესებულებაში საჯარო სკოლებისგან განსხვავებით შექმნილია მშობელთა სათათბირო, რომელშიც გაერთიანებულია კლასიდან თითო წარმომადგენელი. მშობლები აქტიურად არიან ჩართულნი სკოლის ცხოვრებაში. ისინი მონაწილეობენ პედაგოგიური საბჭოს სხდომებში. სასწავლო წლის ბოლოს ტრადიციულად ტარდება მშობელთა კვირეული, რომელშიც გამოიყოფა რამდენიმე ტიპის აქტივობა: მშობლები ატარებენ გაკვეთილებს, იმართება სპორტული შეჯიბრი მშობლებსა და მასწავლებლებს შორის, ტარდება შეჯიბრი ფეხბურთში მამებსა და შვილებს შორის. მშობლებისთვის გამოდის ყოველთვიური გაზეთი, რომელშიც გაშუქებულია სკოლაში მიმდინარე საქმიანობა და მომავალი თვის გეგმა.
მშობელთათვის სიახლეს წარმოადგენს სკოლასთან ელექტრონული ფოსტით ურთიერთობა. მათ სკოლაში მოუსვლელად შეუძლიათ შეამოწმონ საკუთარი შვილის ცოდნის ხარისხი და ყოფაქცევა.
"მილენიუმში" ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში შემოქმედებითი სულისკვეთების გაღვივებასაც. 2003 წელს დაარსდა ბაირონისა და ბარათაშვილის სახელობის სალონი, სადაც პედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ ხშირად იმართება საღამოები, სპექტაკლები და შეხვედრები საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებთან, მწერლებთან, მსახიობებთან, პედაგოგებთან,სხვადასხვა დარგის მუშაკებთან.
სკოლა აქტიურად ცხოვრობს და ზრუნავს საქართველოს სრულფასოვანი და განათლებული მოქალაქეების აღზრდაზე.
ბაღ "ჯეჯილში" მუშაობენ საქმის მცოდნე უნარიანი აღმზრდელები. აღსაზრდელებს წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით უტარდებათ მეცადინეობები მშობლიურ ენაში, მათემატიკაში, სახვით ხელოვნებაში. 5–6 წლიანი ჯგუფის აღსაზრდელები დამატებით სწავლობენ რუსულ ენასა და ქართულ ხალხურ ცეკვებს. აღსაზრდელების დასვენებისთვის შექმნილია ნორმალური პირობები, მაგრამ დაძინების დროს გათვალისწინებულია ბავშვის სურვილი. სისტემატურად უტარდებათ საზეიმო დილები, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით.
სკოლა "მილენიუმი" აქტიურად ცხოვრობს და ზრუნავს საქართველოს სრულფასოვანი და განათლებული მოქალაქეების აღზრდაზე.